ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ
ᲞᲐᲠᲐᲖᲘᲢᲝᲚᲝᲒᲘᲘᲡ ᲙᲕᲚᲔᲕᲘᲗᲘ ᲙᲝᲠᲞᲣᲡᲘ
ტერიტორია, მდებარეობს დავით აღმაშენებლის გამზირის, ია კარგარეთელის და მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩებს შორის და მოიცავს სამ საკადასტრო ნაკვეთს და მათზე მდებარე შენობებს.
კლინიკური კორპუსი აშენდა 1930-იან წლებში. სამწუხაროდ, არქიტექტურულ პროექტი არქივში არ იძებნება, უცნობია მისი ავტორიც. 1898 წლის პლანშეტების მიხედვით მიწის ნაკვეთი დაახლოებით 1052კვ მ²-ია. დღეს ტერიტორიაზე არსებობს 10-მდე დამხმარე ნაგებობა, მათ შორის ყველაზე დიდი - ყოფილი ვივარიუმია.
ობიექტი ინჟინერ სამოილოვჩის მეუღლის ალექსანდრას ყოფილი სახლის უკან, ნაკვეთის სიღრმეში მდებარეობს.
შენობა П-მოხაზულობისაა. ცენტრალური, ფრონტალური ფასადი, რომლის სიგრძე 33 მეტრია, ადმინისტრაციული კორპუსისკენ არის მიმართული. შენოვა ისტორიციზმის სტილში შესრულებულია. მთავარი, მიხეილის გამზირზე გამომავალი ფასადი საკმაოდ უხვად არის დეკორირებული. საფასადო სიბრტყე თითქმის სრულად დაფარულია სხვადასხვა ზომისა და კვეთის, ლესვაში გამოყვანილი რუსტებით. კომპოზიცია სიმეტრიულია. ეზოს სიღრმეში განთავსებული შენობა მკაფიო გეგმარებისაა, აგურის წმინდა წყობით, დეკორისგან თავისუფალ ფასადებით საკმაოდ მოკრძალებულ შთაბეჭდილებას ტოვებს. თუმცა ეს არ არის 1930 წლების კონსტრუქტივიზმის სისადავე, ეს უფრო საუკუნეების მიჯნის ყაზარმებისა თუ სამეურნეო ნაგებობების არქიტექტურაა. მიუხედავად იმისა, რომ შენობა საკმაოდ მასშტაბურია და მან თითქმის სრულად გადაკეტა, ორ ნაწილად გაყო ბაღი, მისი არქიტექტურული გადაწყვეტის სიმარტივის, კარგად შერჩეული მასალის შედეგად ვიღებთ მშვიდ, შეიძლება ითქვას უპრეტენზიო, ფონურ არქიტექტურულ ობიექტს, რომელიც შეძლებისდაგვარად რბილად ინტეგრირდება არსებულ გარემოში და სახასიათო, ეპოქალურ ანაბეჭდს ქმნის.
გასაბჭოების შემდეგ შენობაში განთავსდა თბილისის ცენტრალური სამალარიო სადგური რომელიც სპირიდონ ვირსალაძის მეოხებით ტროპიკულ სნეულებათა ინსტიტუტად გადაკეთდა.
ამჟამად ტერიტორიაზე 30 სახეობის 260-მდე ნარგავია. პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის ბაღი ჯერ კიდევ ინარჩუნებს სამოილოვიჩების ბაღის მახასიათებლებს. ხმაურიანი ქალაქის ცენტრში ყველა მხრიდან განაშენიანებით შემოზღუდული გამწვანებული ოაზისი ფასეულია არა მარტო ისტორიული კულტურული მემკვიდრეობის კონტექსტით, არამედ დღევანდელი რეალობის გათვალისწინებითაც. ოდესღაც ბაღებში ჩაფლული უბნიდან დღეს გამწვანების მხოლოდ ფრაგმენტებია შემორჩენილი. მსგავსი რეკრეაციული სივრცეები უბნისთვის და ზოგადად ქალაქისთვის დიდ ფასეულობას წარმოადგენს.